„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ გორის რაიონის სოფელ ყელქცეულაში ადგილობრივ გლეხებთან ერთად სიმინდის ყანაში მიმდინარე სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. სამუშაოების შემდეგ, ადგილობრივებთან საუბრის დროს გამოიკვეთა რამოდენიმე მწვავე პრობლემა. გლეხების განცხადებით, მათ მთლიანად უნადგურდებათ კომბოსტოს მოსავალი, რადგან არ არსებობს ბაზარი, სადაც მოხდება პროდუქტის რეალიზაცია. ადგილობრივების თქმით, ამ მიზეზის გამო ორი წლის განმავლობაში ასეულობით ტონა კომბოსტო გადაიყარა და ამავე საშიშროების წინაშე დღესაც დგანან. ამასთან, მოსახლეობის თქმით მათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტი აქვთ. გლეხებს დიდ ფინანსურ პრობლემას უქმნის მაღალ პროცენტიანი (38%) აგროსესხი.
ქრისტიან დემოკრატებმა ყელქცეულის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის საკუთარი პროგრამა, „ქდმ-ს 10 ნაბიჯი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად" გააცნეს, რომლის მთავარი მიზანი მცირე მიწიანი გლეხის კონკურენტუნარიან და შემოსავლიან ფერმერად გადაქცევაა.
გიორგი თარაგამაძე: „იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროცესი არ მიმდინარეობდეს სპონტანურად, გლეხს ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი და მოტივაცია საქმიანობისთვის, აუცილებელია არსებობდეს დაბალ პროცენტიანი აგროსესხი, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და გასაღების ბაზარი, რომ გლეხი გახდეს კონკურენტუნარიანი და შემოსავლიანი".