19 ივლისს, გამთენიისას, გრიგალის და ძლიერი სეტყვის შედეგად კახეთის რეგიონში 38 სოფელი დაზარალდა, მოსავალი 20 ათას ოჯახს გაუნადგურდა, 2133 სახლს სახურავი გადახდილი აქვს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის თქმით, 1 400-მდე სახლს სახურავი გადახდილი აქვს თელავის რაიონში, 600-მდე სახლს გურჯაანის რაიონში. სახურავის გარეშე დარჩა 52 საერთო საცხოვრებელი, 50 თელავში, 2 კი წნორში.
სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონში დაზარალებულია სოფლები ხორხელი, ალავერდი, კოღოთო, ოჟიო, ქისტაური; ლაგოდეხის რაიონში - ლელიანი, აფენი, არეშფერანი, გიორგეთი, კაბალი; ყვარლის რაიონში - ახალსოფელი, ბალღოჯიანი, გავაზი, ჭიკაანი, კუჭატანი, სანავარდო; თელავის რაიონში - თელავი, კურდღელაური, კონდოლი, ვანთა, კისისხევი, ხოდაშენი, ბუშეტი, წინანდალი, აკურა, შალაური, ნასამხრალი, ვარდისუბანი; გურჯაანის რაიონში - ქალაქი გურჯაანი, სოფელი გურჯაანი, შაშიანი, მუკუზანი, ველისციხე, ძირკოკი, კალაური, ვაზისუბანი, ვაჩნაძიანი, ახაშენი.
სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა ჯერ უცნობია.