პრემიერ - მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სპეციალისტები სახურავების შეკეთებას დაიწყებენ, თუმცა იმის გამო, რომ სახურავი ძალიან ბევრ სახლს აქვს გადახდილი, დღეს, ხვალ და ზეგ ყველა სახლში ვერ მივლენ.
„დავიწყებთ სახურავების შეკეთებას, თუმცა იმის გამო, რომ სახურავების რაოდენობა საკმაოდ დიდია, დღეს, ხვალ და ზეგ ყველა სახლში შეიძლება ვერ მივიდეთ. ამიტომ, მინდა რომ მოქალაქეები გაგებით შეხვდნენ ამ მდგომარეობას. საქართველოში რაც კი იყო ხელოსანი, სპეციალისტი ვინც არის თუნუქის ხელოსანი, სახურავის ხელოსანი, ყველას მობილიზაცია გავაკეთეთ თბილისიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, სამაგრელოდან, ადგილობრივი კადრები. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობამ იმუშავა კომპენსაციების საკითხზეც. „ვგულისხმობ, რომ კომპენსაციების თემა, მხედველობაში იქნება რამდენიმე ტიპის დახმარება. გარკვეული დახმარება უნდა გავუწიოთ ჩვენ არა მარტო კახეთის, არამედ მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და სამცხე ჯავახეთს, როგორც ტექნიკური, ასევე სასიცოცხლო დახმარება. ჩვენ უკვე დავიწყეთ სურსათის შესყიდვები იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებმაც პრაქტიკულად დაკარგეს ყველა პროდუქტი, ბოსტნეული, მიწა, მოსავალი და დარჩნენ პრაქტიკულად ბედის ანაბარა. ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმარებით", - აღნიშნა პრემიერმა თელავში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.