კახეთის რეგიონში, სტიქიისგან დაზარალებულ რაიონებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თელავში გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულნი რეზერვისტები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. სამუშაოებს კოორდინაციას საგანგებო შტაბი უწევს.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა. რეზერვისტების 1000 კაციანი ჯგუფი სექტორების მიხედვითაა განაწილებული.
კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, უახლოეს საათებში მოსახლეობას გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება აღუდგება.
"გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება, რომ უახლოეს საათებში მოსახლეობას აღუდგება გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. გრძელდება გაწმენდითი დამუშაოები. დღესვე შემოტანილი იქნება შესაბამისი მასალები დაზარალებულთა სახლების გადასახურად და ეს სამუშაოებიც დღესვე დაიწყება", - განაცხადა ღვინიაშვილმა.
შგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთში ათასობით ოჯახი დააზარალა. განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. მოსახლეობა მოსავლის გარეშეა დარჩენილი.