სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თელავი-გურჯაანი- თბილისის გზა გრიგალის შედეგად ძირიანად დაგლეჯილი და დამტვრეული ხეებისგან გაწმინდეს. გაწმენდითი სამუშაო ამ დროისთვისაც გრძელდება, თუმცა ცენტრალურ გზაზე მოძრაობა უკვე თავისუფალია.
გზები ჯერ არ გაუწმენდიათ სოფლებში. შიდასაუბნო გზებზე დიდი რაოდენობით ხეები და ქვა-ღორღი ყრია. ხეების ქვეშ არის მოყოლილი მსუბუქი მანქანებიც.
დღეს, გამთენიისას, გრიგალისა და ძლიერი სეტყვის შედეგად, გურჯაანის, თელავისა და ლაგოდეხის რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვს სახურავები, ჩამონგრეულია კედლები, დატბორილია რამდენიმე ასეული სახლი. სოფლებში 100%-ით არის განადგურებული მოსავალი, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი. დაგლეჯილია მრავალწლიანი ხეები, დაზიანებულია მანქანები, ჩახერგილია გზები, დაწყვეტილია ელექტროენერგიის მავთულები. არიან დაშავებულები. ბოლო ინფორმაციით, თელავის საავადმყოფოში დაშავებულები შეიყვანეს. მათ ძირითადად მინისგან მიღებული ჭრილობები ჰქონდათ. მათი უმეტესობა უკვე გაწერეს.