საქართველოს პრეზიდენტი კახეთის რეგიონში იმყოფება, რომელიც გუშინ ღამით სტიქიამ საგრძნობლად დააზარალა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის საგანგებო სხდომა თელავში მოიწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიით მიყენებულ ზიანსა და მისი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელა. ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა, ხოლო ზარალის აღმოფხვრისთვის საჭირო სამუშაოების ხელმძღვანელობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაავალა. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით უახლოეს დღეებში დაინიშნება საპარლამენტო სხდომა, რომელიც ზარალის აღმოსაფხვრელად საჭირო თანხას გამოყოფის თაობაზე ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, სტიქიით მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია, დაახლოებით, 11 ათასი ჰექტარი ნათესი 80-100 პროცენტით არის დასეტყვილი, 500-მდე სახლს აეხადა სახურავი, დაზიანდა ხიდი, ჯებირები და გაზსადენები. მიხეილ სააკაშვილის დავალებით, თავდაპირველად, უნდა გაიწმინდოს ტერიტორიები, რომელშიც აქტიურად ჩაებმება სამხედრო ტექნიკა და რეზერვისტები, რომელთა მობილიზაცია დიმიტრი შაშკინს დაევალა.
ძლიერ წვიმისა და ქარიშხლის გამო, ყველაზე მძიმე მდგომარეობა შეიქმნა თელავში, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. არანაკლები ზარალი მიადგა გურჯაანის და ლაგოდეხის, ასევე ახალციხისა და ასპინძის რაიონებს, ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურშიც. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.