"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს მარტყოფში ჩავიდნენ. გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა და ლევან ვეფხვაძემ ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და სოფლის მეურნეობის განვითარების ათპუნქტიანი გეგმა დეტალურად განუმარტეს.
ქდმ-ის ლიდერები ადგილობრივებს მოთიბვაშიც დაეხმარნენ და სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. საუბარი ასევე შეეხო კოოპერაციების არსებობას, სოფლის მეურნეობის დაზღვევასა და აგრარული ბანკის შექმნას.
როგორც გიორგი თარგამაძემ განაცხადა,თუკი მცირემიწიანი გლეხი ნელ-ნელა მსხვილ კოოპერატიულ მეურნეობებში თანამეწილედ, მესაკუთრედ და ამავე დროს ბიზნესის თანამონაწილედ არ იქცა და გამსხვილებული მიწების მეშვეობით არ მოხდა სოფლის მეურნეობის მართვის ახლებული ორგანიზება, სადაც საფინანსო ინსტიტუტებს, საკრედიტო და სადაზღვევო ორგანიზაციებს გაუჩნდებათ უკვე შესაძლებლობა ურთიერთობის, დაფინანსების, დაკრედიტების და დაზღვევის, ისე არაფერი არ გამოვა.
"ქრისტიან-დემოკრატების" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 პროცენტი აგრარული სექტორის განვითარებაში უნდა ჩაიდოს.
"ჩვენ გვაქვს ათწლიანი პროგრამა, რომელიც უკვე თითოეულ წელზე არის გათვლილი და ითვალისწინებს უკვე ყველა ნიუანსს, დაწყებული მიწებისა და წვრილი საგლეხო მეურნეობების მსხვილ კოოპერატიულ მეურნეობებად გარდაქმნას, ამ გლეხების გაძლიერების გეგმით და გაგრძელებული მისი ფინანსირების აგროსამრეწველო ბანკის ჩამოყალიბების გრძელვადიანი ხელმისაწვდომი კრედიტების, განათლების, ახალი ტექნოლოგიების შეტანისა და უკვე საბოლოო პროდუქტიის რეაზლზიებას. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში ქართული სოფელი ფეხზე დადგება", - განაცხადა თარგამაძემ.