პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ქალაქ გორს და გორის რაიონის რამდენიმე სოფელს ესტუმრა. პრემიერი გორის ცენტრში, კერძოდ წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს დაესწრო. რეაბილიტაციის გეგმისა და მისი მიმდინარეობის შესახებ მან დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისგან და შიდა ქართლის გუბერნატორისგან, სულხან სიბაშვილისგან მიიღო.
სარეაბილიტაციო სამუშაოს დათვალიერებისას, პრემიერმა გორის ცენტრალური უბნის განახლების მნიშვნელობას, ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმებას და ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას გაუსვა ხაზი.
მოგვიანებით, მერაბიშვილი გორის რაიონის სოფელ კვარხეთის მცხოვრებ, ტარიელ მუნჯიშვილის ხეხილის ბაღს ესტუმრა და მასპინძელთან ერთად სოფლის პრობლემები განიხილა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჭარბი მოსავლის რეალიზაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმაზე და უკვე კონკრეტულად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.