ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. "რელიგიის შესახებ" ახალ კანონში, რომელზედაც ახლა მუშაობენ, აღარ შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კერპთაყვანისმცელობა, ისლამი და მართლმადიდებლობა ერთმანეთს უნდა გასტოლებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ე.წ. აფხაზური ეპარქიის ე.წ. ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ კერპთაყვანისმცელობის ლეგალიზაციაზე სახელმწიფო რელიგიის რანგში საუბარი აღარ მიმდინარეობს.
"ეს მხოლოდ პროექტი იყო, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა მეცნიერმა შექმნა, მაგრამ იმ სახით, რა სახითაც შეიქმნა, იგი პირველად პარლამენტში არ შევა. ყველაფერი ეს გაუქმდა",_ აცხადებს აპლია.
მისი თქმით, კანონპროექტი მან და ე.წ. დეპუტატებმა განიხილეს და აპლიამ შეძლო მათი დარწმუნება, რომ მართლმადიდებლობის მნიშვნელობის ხაზგასმა კანონის პრეამბულაში აუცილებელია.
"კერპთაყვანისმცელობა დასრულდა. ადრინდელი კერპთაყვანისმცელობის ადგილებზე აფხაზეთში უკვე დიდი ხანია ქრისტიანული ტაძრებია აშენებული. ტრადიციულად, აფხაზური რელიგია მართლმადიდებლობაა. არ არსებობდა არც ერთი აფხაზი მეფე კერპთაყვანისმცემელი ან მუსულმანი. ყველა მათგანი მართლმადიდებელი იყო", _ აცხადებს აპლია და აღნიშნავს, რომ "რელიგიის შესახებ" კანონი ამჟამად დამუშავების სტადიაშია და როდის მიიღებენ მას, ჯერ უცნობია.