სოხუმში მყოფმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩელავ ჩირიკბასთან შეხვედრაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის გალის შეხვედრებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
შეხვედრაზე სეპარატისტთა ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზური მხარის აზრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ანჟეი ტიშკევიჩთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენმა, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრების თავმჯდომარეა აღნიშნა, რომ კონსულტაციები გალის შეხვედრების განახლებასთან დაკავშირებით გრძელდება. "იმედი მაქვს გალის შეხვედრების განახლებას მალე შევძლებთ", _ განაცხადა ტურუნენმა მანვე მიმართა მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს და მოუწოდა მათ გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ შემდგომი გართულება თავიდან იქნეს აცილებული.
თავის მხრივ, ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე გალის შეხვედრების აღდგენის მომხრეა.
"იქ მართლაც ხდებოდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის საგნობრივი განხილვა. იქ იყვნენ რელევანტური ხალხი, რომლებსაც როგორც პროფესიონალებს შეეძლოთ სიტუაციის განხილვა და აზრების გაცვლა.
ამის მიუხედავად, ჩვენ უკან ვერ დავიხევთ ჩვენი პოზიციიდან რომელიც ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, ანჟეი ტიშკევიჩთან დაკავშირებით", _ განაცხადა ჩირიკბამ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს და აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მათ უარი განაცხადეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრებში მონაწილეობაზე ანჟეი ტიშკევიჩთან ერთად. შედეგად გალში შეხვედრები ამ ეტაპზე აღარ იმართება.
მასალის გამოყენების პირობები