ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა ინტენსიური სამხედრო სწავლებითაა დაკავებული. განცხადებას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის შტაბმა თავად გაავრცელა. სამხედრო შტაბის ხელმძღვანელობა ამ განცხადებაში მიმართავს ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და მათ სამხედრო პოლიგონებზე საქონლის მწყემსვისგან თავის შეკავებას სთხოვს.
"მიდის სამხედრო სწავლება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბრძოლო მოქმედებების წარმოების მეთოდებს, განსაკუთრებით ღამით. ყოველდღიურად მიმდინარეობს სწავლებები, რომელთა მიხედვითაც პირადი შემადგენლობა საბრძოლო ტექნიკას ითვისებს და ფიზიკურ მომზადებას გადის", _ იუწყება ოსური ინფორმაციის კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე არსებული პირადი შემადგენლობა კარგად აცნობიერებს, რომ "სწორედ მათზეა დაკისრებული მნიშვნელოვანი ამოცანა და სწორედ ამ ოფიცრებმა უნდა უზრუნველყონ ე. წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმებების რეალიზება.
"რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ მიმართავს დასახლებული პუნქტების, ძარცემისა და კვერნეთის მოსახლეობას და სთხოვს მათ, საქონელი საწვრთნელ პოლიგონებზე, ყოველ შემთხვევაში იმ დღეები მაინც არ აბალახოს, როდესაც სამხედრო ცეცხლის გახსნის სწავლებები მიმდინარეობს", _ აცხადებენ რუსულ სამხედრო ბაზაში.