ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო), პედრიგ მერფი (ეუთო) სოხუმში ჩავიდნენ და სეპარატისული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა მედიის დასწრების გარეშე მიმდინარეობდა. ხოლო მისი დასრულების შემდეგ თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.
"როგორც ყოველთვის ჩვენს შორის სერიოზული საუბარი გაიმართა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა დისკუსიებს ეხებოდა. პოზიტიური განვითარების პარალელურად, სამწუხაროდ არსებობს საგანგაშო მომენტებიც, რომლებიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ეხება. მიგვაჩნია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ეს ის ფორმატია, რომელიც ყველაზე რთული საკითხების გადაჭრაშიც კი გვეხმარება", _ განაცხადა ლეფორმა.
მისივე თქმით, სოხუმში ახლანდელი ვიზიტის დროს მათ ჯენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრუგი არ განუხილავთ, ვინაიდან შეხვედრა ოქტომბერშია დაგეგმილი თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებათა მონაწილეებთან შეხვედრას მანამდე კიდევ გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ხვალ ცხინვალის რეგიონში აპირებენ ჩასვლას.