სოხუმში მყოფი ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს სტანისლავ ლაკობას შეხვდა და განაცხადა, რომ ის მალე თავის თანამდებობას ტოვებს და ამიტომაც მას სურს რაიმე სასარგებლო გააკეთოს აფხაზეთისათვის. ინფორმაციას ამის აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეუთოს უმაღლეს კომისარს აინტერესებდა სიტუაცია რომელიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებს ეხება, არსებული არასტაბილურობა და ისლამური პრობლემატიკა.
"აფხაზეთში ბოლო დროს გახშირდა დივერსიები და ტერორისტული აქტები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს სასაზღვრო ზონაში. ამ მოქმედებებს პოლიტიკური ხასიათი აქვთ და აღვივებენ იმ არასტაბილურობას რომელზეც თქვენ საუბრობთ. მიმაჩნია, რომ ამან შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და ის სულაც არ იქნება საქართველოსა და მათ ინტერესებში, რომლებსაც კონფლიქტის დარეგულირება სურთ", - აცხადებს სტანისლავ ლაკობა.
ვოლებეკის კითხვაზე იმის შესახებ შეიცვალა თუ არა რაიმე თბილისთან ურთიერთობებში ლაკობამ განაცხადა: სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ხელი შეუწყო მათ იზოლირებას ვინც აფხაზეთში დივერსიულ აქტებს ახორციელებდა. მრავალი მათგანი დაიჭირეს. ახლახანს კი ყველა ისინი გაათავისუფლეს, ალბათ ახალი პროვოკაციების ორგანიზებისათვის.
ჩემი აზრით, ეს მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული. ოპოზიცია საკმაოდ ძლიერია და მრავალათასიან მიტინგებს აგროვებს. გრძნობს, რა თბილისის მხარდაჭერის არარსებობას სააკაშვილი ხმების მოგროვებას გარეუბნებში შეეცდება", _ აცხადებს ლაკობა.