„ყველა ის შეხვედრა, რომელიც იმართება მოსახლეობასთან „ქრისტიან-დემოკრატების" მიერ, გვარწმუნებს ერთ რამეში, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მძიმე სოციალურ ყოფაშია" - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიაზ ზოსიძემ დაბა ჩაქვში, მეურნეობის ბინებში მცხოვრებ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
ჩაქვის მეურნეობის ბინებში მცხოვრებლები სახელმწიფოსგან მათი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით აღნიშნულ ბინებში სარემონტო სამუშაოები წლებია არ ჩატარებულა და იქ ცხოვრება უკვე სიცოცხლისათვის სახიფათოა.
ნიაზ ზოსიძე 75 წლის, მარტოხელა ციური მჟავიას საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნო, რომელსაც სოციალური დახმარება ერთი წლის წინ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოუხსნეს.
„დღევანდელმა შეხვედრამ ყველას კარგად გვაჩვენა თუ რა მძიმე მდგომარეობაშია აქ მცხოვრები მოსახლეობა. ჩვენ მოვინახულეთ ცალკეული ბინები და მათ პრობლემებს პირადად გავეცანით. მათი საცხოვრებელი სახლები არის ავარიულ მდგომარეობაში. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი, რომლებსაც სამწუხაროდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ,ისე რომ არ გაუმჯობესებულა მათი სოციალური მდგომარეობა, დახმარება მოუხსნეს. ეს ადამიანები მიტოვებულები არიან ბედის ანაბარა და ხელისუფლებას სამწუხაროდ ისინი არ ახსენდება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების წინა დღეებში აუცილებლად გაიხსენებს მათ არსებობას და მოვა მათთან მორიგი დაპირებებით." - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიაზ ზოსიძემ.