რესპუბლიკური პარტია საარჩევნო სიების გადამოწმებაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას და პასუხისმგებლობას ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დანიშნოს თითო წევრი. სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე "ალიანსი საქართველოსთვის" აგრძელებს აქტიურ მუშაობას საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
თუმცა რესპუბლიკელები საკუთარი ინიციატივით გამოდიან და ერთობლივი მემორანდუმის შემუშავებას ითხოვენ, რომელიც ოთხი პუნქტისაგან შედგება:
ამომრჩეველთა სიების შესადგენად სახელმწიფო დაწესებულებებიდან სანდო ინფორმაციის მისაღებად და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი უზუსტობების გამოსასწორებლად; საინფორმაციო საშუალებებით განსაკუთრებით ნაციონალური ტელეარხებით, პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის და პოზიციების ობიექტურად და დაბალანსებულად გასაშუქებლად; პოლიტიკურ პროცესებში პოლიციისა და უშიშროების ორგანოების მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად და ამომრჩევლებისა და პოლიტიკური პარტიების აქტივისტების რეპრესიებისგან დასაცავად; საარჩევნო პროცესების, მათ შორის კენჭისყრის, ხმების დათვლის და საარჩევნო დავების განხილვა-გადაწყვეტის პროცესის, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელობა რესპუბლიკელების ინიციატივაზე რეაგირებას არ მოახდენს, დავით უსუფაშვილის აზრით მემორანდუმის იდეის რეალურ სურათი გამოჩნდება.
"ჩვენი ინიციატივის უგულვებელყოფის შემთხვევაში ნათლად დავინახავთ მემორანდუმის იდეა მხოლოდ კომისიის მდივნის არჩევის პროცესში ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატის არსებობის პიარ-გადაფარვის ემსახურბოდა, თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას", - დავით უსუფაშვილი.