აფხაზმა სეპარატისტებმა კოდორის ე.წ. ნაციონალური პარკის შესახებ პროექტი მოამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. აღნიშნული კომისია, რომელიც კოდორიოს ხეობაში ე.წ. ნაციონალური პარკის შექმნას ისახავს მიზნად ჯერ კიდევ 2008 წელს აფხაზ სეპარატისტთა აწ გარდაცვლილმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა შექმნა.
ამ თემაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსნადრე ანქვაბმა თათბირი ჩაატარა, რომელზეც ე.წ. კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ შემაჯამებელი დოკუმენტი პარკის შექმნის შესახებ უკვე შექმნილია.
ალექსანდრე ანქვაბმა თათბირზე განაცხადა, რომ კოდორის ნაციონალური პარკის შექმნის შესახებ წინადადებები ამჟამად ე.წ. პარლამენტს უნდა წარედგინოს გასაცნობად.
"კოდორის ხეობაზე ბევრს საუბრობენ მათ შორის ლაპარაკობენ ბევრ უსაფუძვლო რამესაც, მაგრამ არის ის რაც საზოგადოებას აღელვებს. ამბობენ უკონტროლო თევზაობაზე, ნადირობაზე, ტყის გაჩეხვაზე, მიწების მიტაცებაზე და ბევრ სხვა რამეზე. ჩვენ საზოგადოებას უნდა წარვუდგინოთ რეალური მდგომარეობა კოდორის ხეობისა და მისი რეალური პერსპექტივა. ჩვენი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ეს უნიკალური კუთხე შევინარჩუნოთ", _ განაცხადა ანქვაბმა.