"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვებული არ იქნება", _ ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატმა, ე.წ. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ იური ახბამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა.
"რაც შეეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვებული უნდა იქნეს, იური ზუხბა ცალსახად აცხადებს, რომ მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ", _ იუწყება აფხაზური მედია.
ამასთან ერთად, ზუხბა ასევე უკმაყოფილებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელზეც აღნიშნული რეზოლუცია იქნა მიღებული რუსულმა დელეგაციამ რეზოლუციის "წინააღმდეგ" ხმის მიცემის ნაცვლად , უბრალოდ - თავი შეიკავა.
ზუხბა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით აფხაზური მხარე რუსეთის ოფიციალური სტრუქტურებისაგან ახსნა-განმარტებებს ელის.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი. რეზოლუციის პროექტმა სხდომაზე ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და დამტკიცდა კიდეც.
რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობებისადმი დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთი (საქართველო) და სამხრეთ ოსეთი (საქართველო) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.