სეპარატისტებმა გალის რაიონში მომხდარი კრიმინალური გარჩევის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და "თავდასხმის" მუხლით გამოძიება დაიწყეს. აფხაზური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გალის რაიონის ე.წ. კომისარიატის მაიორს ბესლან კირთძეს უცნობი პირები დაესხნენ თავს.
"უცნობმა პირებმა ჩასაფრებიდან გალის რაიონის კომისრის მოადგილის მაიორ ბესლან კირთაძის ავტომობილი დაცხრილეს. მასზე თავდასხმა მაშინ მოხდა როდესაც კირთაძე გალში ბრუნდებოდა მას შემდგე რაც გალის რაიონის სოფლებში გაწვევის შესახებ ცნობები დაარიგა", _ წერს აფხაზური მხარე. მათივე ინფორმაციით, კირტაძეს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. "მაიორი დაიჭრა და ამჟამად იგი საავადმყოფოში იმყოფება", _ იუწყებიან სეპარატისტები.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში მორიგი კრიმინალური გარჩევა მოხდა. შედეგად სეპარატისტული სამხედრო ბესლან კირთაძე დაიჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში თორნიკე კილანავამ დაადასტურა.
"გალის რაიონის სოფლების ჭუბურხინჯისა და მზიურის საზღვარზე მორიგი კრიმინალური გარჩევა მოხდა, რომლის დროსაც აფხაზი მაღალჩინოსანი სამხედრო გვარად კირთაძე დაიჭრა. ამის გამო იქ სპეცდანიშნულების რაზმიც კი შეიყვანეს", _ აცხადებს კილანავა და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, კირთაძე გალის რაიონში სამხედრო საქმეებს განაგებს და მას ე.წ. კომისრის მოადგილის თანამდებობა უჭირავს.
მისი ინფორმაციით, ინციდენტის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენიმე გასროლაც მოხდა.
"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია კრიმინალური გარჩევის დროს მოხდა შელაპარაკება, შემდეგ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის გამოყენება, რომლის შედეგადაც დაჭრილი კირთაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",_აცხადებს კილანავა სააგენტოსთან საუბარში.