საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საგარეჯოს ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს და კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალს შეხვდნენ. მათ მედიკოსებს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
ივანე მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ისეთი თემები განიხილებოდა, როგორიცაა: ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შექმნა, დაზღვეული მოქალაქეების წრის გაფართოება და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.
პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში პაციენტები მოინახულეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.
სადაზღვევო კომპანია „ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. 15 საწოლიან კლინიკაში პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო, ქირირგიული, თერაპიული, მეან-გინეკოლოგიური, ნეონატოლოგიური, ლაბორატორიული და სხვა მომსახურებების მიღება შეუძლიათ. სამედიცინო ცენტრში 144 ადამიანი, მათ შორის, 50 ექიმი და 53 ექთანია დასაქმებული.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა" საავადმყოფოს ასაშენებლად 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩადო. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. გახსნის შემდეგ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრში 10669 პაციენტი მიიღეს.