"ამ ეტაპზე საქართველოში აუცილებელი არ ვარ", - აღნიშნულის შესახებ "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილის" თავმჯდომარემ განაცხადა და დასძინა, რომ თავის საქმიანობას დაუბრუნდება და იქ იმუშავებს საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ.
"დღეს შევხვდი ბიძინა ივანიშვილის, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მანამდე არასდროს შევხვედრივართ, ვიცნობდი მხოლოდ ტელევიზიებით, ბევრ რამეში ჩვენს ხედვებში თანხვედრაა. შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აუცილებელი არ ვარ, შესაბამისად, ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები, ყოველ შემთხვევაში, დროებით. იქ ვიმუშავებ საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ და გამოვიყენებ ჩემ გამოცდილებას და კონტაქებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება.
"შევთანხმდით იმაზე თუ რის გაკეთებას შევძლებ მე დღევანდელ პირობებში, უცხოეთში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლის გამოცდილებაც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ "ქართულ ოცნებას" ამ კადრების მოზიდვაში დავეხმარები. ეს როლი ძალაინ მიზიდავს, რადგან ეს არის საქართველსოთვის ერთ-ერთი სისუსტე, რომელიც არ გადაწყდება არსებული ხელისუფლების წასვლით. უნდა ვიშრომოთ და ვიზრუნოთ, რომ ხალხი დაბრუნდეს საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილებით, მათი სამშობლო არის აქ, ჩვენ ეს სამშობლო მათთვის უნდა მოვამზადოთ, მაგრამ მათაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის მშენებლობაში. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე და ამ საქმეში მე ჩემს ადგილს დავიკავებ, ჩემსას შევასრულებ, ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა მან.