"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიაზ ზოსიძე ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობა აწუხებს. მათი განცხადებით სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო წვიმის დროს ქუჩები იტბორება და გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
ადგილობრივების ინფორმაციით სარდაფებში დაგუბებული წყლის გამო მწერები, ტარაკნები და ბაყაყები გავრცელდა. აბაშიძის ჩიხში მცხოვრებთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ სარგებლობენ სანდასუფთავების სამსახურის მომსახურებით, სანდასუფთავების გადასახადი მაინც მოსდით. როგორც მოსახლეობამ განაცხადა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერხელ მიმართეს, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი გაკეთებულა.
როგორც ნიაზ ზოსიძემ შეხვედრისას განაცხადა ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა დაანებოს ვირტუალურ და მოჩვენებით კეთილდღეობაზე საუბარს და გადავიდეს კონკრეტული საქმეების კეთებაზე. მისი თქმით, ძალიან კარგია ზღვისპირა ბულვარის გალამაზება, მაგრამ გარეუბანში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს შეღავათის მომტანი არ არის.
„სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენლები, უფრო სწორად ქალაქის მერიის წარმომადგენლები, მოვიდნენ ამ ადამინებთან, გაეცნენ მათ პრობლემებს, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა და წლებია მათი პრობლემა მოუგვარებელია. ამ ყველაფრის მოგვარება არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული და ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწყოს საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა", - განაცხადა ნიაზ ზოსიძემ.