საჩხერის რაიონში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ,,ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების შანსი არ აქვს, _ განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ, რომელიც საჩხერის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა. მისივე თქმით, ხელისუფლებას წლების განმავლობაში საჩხერეში არფერი გაუკეთებია.
,,პირად საჩხერესთან შეხება მას შემდეგ მომიწია, რაც ქუთაისის აქციისთვის ერთი კვირის განმავლობაში მომიწია რეგიონში ყოფნა, სოფელ-სოფელ სიარული და ადგილობრივი პრობლემების გაცნობა. რეგიონში, რაც გაკეთდა ყველაფერი ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფონდის დამსახურებაა. პრაქტიკულად, ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებას საჩხერეში არაფერი გაუკეთებია, შესაბამისად განწყობა და მოტივაცია ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდაა. ჩემთვის პირადად დიდი ფუფუნებაა ვიყო საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კობახიძემ და აღნიშნა, რომ საჩხერეში გამარჯვების შანსი ,,ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს.
,,დამერწმუნეთ, რომ საჩხერეში გამარჯვებისთვის ,,ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი შანსი არ აქვს, რადგან ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებას იქ საერთოდ არ უმუშავია", _ განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მანანა კობახიძე საჩხერის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.