"მაესტროს" გენერალური დირექტორის, ბაჩო კიკაბიძის თქმით, საბაჟოზე ტელეკომპანიის ანტენები უკვე დააყადაღეს. აღნიშნულის შესახებ კიკაბიძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
"რამდენიმე წუთის წინ ჩვენი ბროკერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს მივიდა პოლიცია და ჩვენი ტვირთი დააყადაღეს. მგონი დღევანდელი განჩინებაა, ჯერ არც გავცნობივარ, სანამ ჩვენი ტვირთის სრულად დაყადაღება არ მოხდება, ჩვენი ბროკერი რჩება იქ. განჩინებას რომ მოიტანს, ვნახავთ, რა წერია", _ განაცხადა კიკაბიძემ.
კიკაბიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.
"ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას ევროპის სასამართლომდე და ბოლომდე მივყვებით. დღესვე მოვითხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩართვას, ჩავაყენებთ საქმის კურსში, თუ რა ვითარებაა და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ", - განაცხადა კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სასამართლოს "მაესტროს" ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით დღეს მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა.