წვიმების გამო დედოფლისწყაროს რაიონში ქერის მოსავლის აღება შეფერხებულია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერმა ბაჩუკი გონაშვილმა განუცხადა, კომბაინები ყანებში ვერ შედიან, წვიმის შედეგად კი ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა მცირდება.
„გადაჭარბებული წვიმის შედეგად ქერი წვება და ასეთ თავთავს კომბაინი ვეღარ იღებს. ხორბალს ცოტა კიდევ აკლია შემოსვლა და ჯერ ის არ დაწვება, მაგრამ მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი უარესდება, წონაშიც იკლებს და წებოგვარაც კნინდება, რაც ფქვილის ხარისხის გაუარესებას იწვევს", - განმარტა ფერმერმა.
მისივე თქმით, მას ქერი 75 ჰექტარზე ეთესა, აღება უკვე მოასწრო და ჰექტარზე საშუალოდ 2 ტონამდე მოსავალი მიიღო.
„ერთ ჰექტარზე მოსავლის ასაღებად კომბაინით მომსახურება 50-60 ლარი ღირს, ცალკე საწვავი უნდა ჩაუსხა, შემდეგ მოსავალს ტრანსპორტირებაც ხომ სჭირდება, ერთ ჰექტარზე ყანის აღება დაახლოებით 100 ლარამდე ჯდება", - აღნიშნა ბაჩუკი გონაშვილმა.