ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველო ერთგვარ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია თუ რამდენჯერ დაირღვა მიმდინარე თვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.
"2010 წლის იანვარში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისათვის დაკავებულია 9 ადამიანი: მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქე, სამხრეთ ოსეთის 5 მოქალაქე და რუსეთის 1 მოქალაქე",_ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
რუსი ოკუპანტების ინფორმაციით, ყველა ეს დარღვევა საყოფაცხოვრებო ხასიათის იყო.
"საზღვარზე ტვირთების უკანონოდ გადატანის ბრძოლასთან დაკავშირებულ სფეროში აღკვეთილია საზღვარზე 3,5 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადატანა. ტვირთიც და დამრღვევებიც სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოშია გადატანილი",_ იუწყება ოსური მხარე.
ამას გარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველო ასევე იუწყება, რომ საზღვარზე გადატანის მცდელობისას ამოღებულია 3 ტანკსაწინააღმდეგო სამართავი რაკეტა, ერთი ნაღმმტყორცნი, 30 ნაღმი.