პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პრობლემას ვერ ხედავს, თუ მთავრობას ექნება გარკვეული ავტონომიურობა და იქნება პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრისთვის უფლებების დელეგირების საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას „ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა.
ვეფხვაძის შეფასებით, კანონპროექტის თანახმად, მთავრობის სხდომებზე მინისტრების დასწრება აუცილებელი არ იქნება და ასევე, კანონში ზუსტად არ არის გაწერეილი მთავრობის მუშაობის შიდა პროცედურა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია მთავრობა პარლამენტის წინასე პასუხისმგებელი რჩება.
,,მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა და შიდა მუშაობის წესის დადგენის უფლება. პრობლემას ვერ ვხედავ თუ მას ექნება დისკრეცია თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეასრულოს თავისი ამოიცანები, ჰქონდეს გარკევეული ავტონომიურობა და მისი საქმეა დილით შეკრიბავს მინისტრებს, შუადღით თუ საღამოს. ხოლო შემდეგ, მთავარია იქნება პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე,, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ეს ეხება არა მარტო ოპოზიციას, არამედ რამდენიმე მედიასაშუალებასაც, რომლებმაც ამ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული ინტერპრეტაცია გააკეთა.
,,ნუ შევეცდებით დრამატიზებას იმისა, რაც სინამდვილეში არის უბრალოდ მთავრობის მუშაობის ორგანიზაციული საკითხი, არანაირი უფლებამოსილებების ზრდა ნამდვილად არ ხდება,, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემა, მთავრობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
კანონპროექტით კი, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა, აღნიშნული შესაძლებლობები, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღეს საბოლოოდ დაამტკიცა.