ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორების კომფორტულ დასვენებაზე ბათუმის ბულვარი წელს განსაკუთრებულად მოემზადა. განახლდა ბათუმის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა სერვისი, მზადდება მრავალი გასართობი ღონისძიება. სპეციალურად შემუშავებული„იაფი დასვენების პროგრამის" ფარგლებში პლიაჟზე 3000 შეზლონგი და 1500 ქოლგა განთავსდა. მათი განთავსების ხარჯები ცნობილმა მსხვილმა კომპანიებმა უზრუნველყვეს.
შეზლონგებისა და ქოლგების ქირაობა სიმბოლურ ფასად 1 ლარადაა შესაძლებელი, რომელშიც ერთდღიანი დაზღვევაც შედის. ზღვისპირა ზოლზე რამდენიმე სამედიცინო პუნქტი იმუშავებს და დაზღვეულებს პირველად დახმარებას აღმოუჩენს. წელს ბულვარში 22-მდე სავაჭრო პუნქტი, ასევე სპეციალურად ბავშვებისათვის ანიმატორთა ჯგუფი იმუშავებს.
იგეგმება ღამის კინოთეატრის გახსნა, რომელიც ყოველდღიურად ქართული და უცხოური ფილმების საღამოებს მოაწყობს.