საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში კერძო ტიპის ორი ახალი სასტუმრო გახსნა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის "ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი დასასვენებელი კომპლექსის დათვალიერებისას მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში კერძო ინვესტიციების, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითად ახლად გახსნილი სასტუმროები მოიყვანა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, აჭარაში, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტთა რიცხვი, უფრო მეტი მოთხოვნილება გაჩნდა სასტუმროებზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
ბათუმში ყოფილი საზღვაო ადმინისტრაციის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ ბუტიკის ტიპის ახალი 30-ნომრიანი სასტუმრო "World Batumi" გაიხსნა. გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე 14-სართულიანი სასტუმრო "აისი" აშენდა, რომელშიც რვა კლასის 38 ნომერია განთავსებული. ორივე სასტუმრო უკვე დაჯავშნულია ახალი საზღვაო სეზონის წინ.