"დიმიტრი შაშკინის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანა თავდაცვის პრობლემებით განპირობებული არ არის", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განათლების მინისტრის თავდაცვის მინისტრად წარდგინების საპასუხოდ. Mმისივე თქმით, შაშკინის სხვა სამინისტროში გადაყვანა განათლების სამინისტროს ირგვლივ შექმნილი პრობლემებითაა განპირობებული.
,,დიმიტრი შაშკინის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანა თავდაცვის პრობლემებით განპირობებული არ არის. თავდაცვის სისტემაში ისეთი პრობლემები არ ჩანს, რომ საკადრო ცვლილებებს ითხოვდეს. ვფიქრობ, შაშკინის სხვა სამინისტროში გადაყვანა უფრო შაშკინის პრობლემებითაა გამოწვეული, რადგან მან ძალიან ბევრი დაძაბულობა და უკმაყოფილება გამოიწვია განათლების სისტემაში და მგონია, თვითონ სისტემა Yგაათავისუფლეს დიმიტრი შაშკინისგან", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სხვა კადრით ჩანაცვლება სამინისტროს ირგვლივ შექმნილ პრობლემებს უკავშირდება.
,,დალი ხომერიკის პერსონას საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ სუბელიანის გათავისუფლებაც გამოწვეულია იმ პრობლემებით, რაც სუბელიანის უწყების ირგვლივ დაგროვდა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს დილით გადაეგზავნა. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა თავდაცვის მინისტრად დიმიტრი შაშკინი, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დალი ხომერიკია წარდგენილი.