ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის~ წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, მთავრობის ახალი შემადგენლობით, ადამიანის უფლებების დარღვევა გარანტირებული იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობა კრიმინალურია და ხელისუფლებამ მისი სახით საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა.
,,ვანო მერაბიშვილმა ისიც არ იკადრა, რომ მთავრობის შემადგენლობაში თუნდაც ფორმალურად გადაეყენებინა ხათუნა კალმახელიძე, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დამკანონებლად გვევლინება. ამის მიზეზი ის არის, რომ ციხეებში არსებული სიტუაცია ხელს აძლევს ხელისუფლებას არჩევნებში, რომ პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის შედეგად გარანტირებულად მიიღოს ხმები", _ აღნიშნა დეპუტატმა.
მთავრობაში განხორციელებული ცვლილებით, შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, თავდაცვის მინისტრად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად ხატია დეკანოიძე, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დალი ხომერიკი ინიშნებიან.