"დღევანდელ ვითარებაში ეს ფაქტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პრეზიდენტის პირადი ოცნების ასრულება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის კომენტირებისას.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, ასეთი ცვლილება რომ განხორციელებულიყო, შესაძლოა, ქვეყანაში უფრო სასიკეთო ცვლილებები მომხდარიყო.
"დღევანდელ ვითარებაში კი ეს ფაქტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პრეზიდენტის პირადი ოცნების ასრულება, რომ პრემიერის პოსტზე ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში საფრთხე არ დაემუქროს სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას", _ განაცხადა ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ არც სააკაშვილი და არც მერაბიშვილი პარლამენტს პატივს არ სცემენ.
"მიხელ სააკაშვილს თუ დააკვირდით არც ერთხელ არ უხმარია სიტყვა პრემიერ-მინისტრის კანდიდატი, რადგან სანამ პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იქამდე მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ითვლება. საქმე ის გახლავთ, რომ არც მერაბიშვილისთვის და არც სააკაშვისთვის პარლამენტი ელემენტარული პატივისცემის საგანი არ გახლავთ. მერაბიშვილი პარლამენტში მისვლასაც არ კადრულობდა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოსო ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარადგინა.