უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ვანო მერაბიშვილი სიტყვის კაცია და მას შეუძლია თქვას და განახორციელოს ის პროგრამა, რომელსაც მთავრობა უახლოეს დღეებში წარადგენს.
„ვანო მერაბიშვილი არის პიროვნება, რომელიც ასოცირდება ამ წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასთან და პოლიტიკასთან. იქნება ეს კრიმინალთან ბრძოლა თუ დევნილებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. შესაბამისად მე მგონია, რომ თუ კი ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემები და სერიოზული გამოწვევები, საქართველო რათქმა უნდა დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, მერაბიშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც შეუძლია თქვას და გააკეთოს და ასევე უზრუნველყოს ის გაცხადებული პროგრამა, რომელიც მთავრობას ექნება",- აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტი, შსს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაიკავა. რაც შეეხება უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს მას პრეზიდენტმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეთის შემადგენლობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.