წალენჯიხაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა ქარდავამ განაცხადა, კომისია უკვე მუშაობს და ზარალის შესახებ წინასწარი მონაცემები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. ქარდავას განმარტებით, რაიონში აქტიური მაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლების 99 %-ს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიის შედეგად ჩაიხერგა გზები და დაინგრა ხიდები.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი გუშინ წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში ჩავიდა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა პირადად მოინახულა.
პრეზიდენტი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაზარებული ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად დავალებები მისცა. მიხეილ სააკაშვილი თქმით, მთავარია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს. საჭიროების შემთხვევაში კი მათი ევაკუაცია დროულად უნდა განხორციელდეს.