ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ "შემოიარე საქართველოს" ფარგლებში მომზადდა "ზაფხულის ტურისტული კალენდარი", სადაც დატანილია 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი ტურისტული აქტივობები.
პროექტის ფარგლებში, დღეს, 30 ივნისს, 19:00 საათზე, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა "კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი" - ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მიერ ისტორიული ფაქტებისა და გმირების გაცოცხლება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ბერიკები, "შავნაბადოსნები" რომლებიც ქათულ საბრძოლო ხელოვნებას განასახიერებენ, გაიმართება წარმოდგენა "სტუმარ-მასპინძელი", საღამო გაფორმდება ხალხური სიმღერებით, სუხიშვილების მუსიკოსები წარმოადგენენ ძველი ხალხური საკრავების პროგრამას. წარმოდგენები გაიმართება გორის ციხის 6 სხვადასხვა ადგილას. ღონისძიება დაიხურება ცეცხლოვანი პერფორმანსით.
კარნავალს ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნის. დასწრება უფასოა.
პროექტის მიზანი საქართველოში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, არსებული რესურსის გაცნობა და ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა. პროექტის სლოგანია "შემოიარე საქართველო" და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეძღვნება.
გასართობი ღონისძიებები მოეწყობა ყოველ შაბათ-კვირას და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.