იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, ყველა სტრუქტურა კანონის ფარგლებში მოქმედებს.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცახადა, ის არ აპირებს ჩაერიოს ამ პროცესში, რადგან ეს არის სუფთა სამართლებრივი პროცედურა და არანაირი პოლიტიკური ორგანოების ჩარევა მიზანშეწონილი არ არის.
სააღსრულებო მოქმედებასთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალების გადამოწმებას კუბლაშვილი ჟურნალისტებს აღსრულების ბიუროში ურჩევს.
"კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტრუქტურა, რომელიც ამ გადაწყვეტილებების მიღებაში არის ჩართული, მოქმედებს სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. აღსრულების საკითხებზე ან კონკრეტულ სააღსრულებო მოქმედებასთან დაკავშირებული დეტალები შესაბამის უწყებებში გადაამოწმეთ", - აღნიშნა დეპუტატმა.
იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება კოალიაცია "ქართულ ოცნებს" უარი ეთქვას საარჩევნო რეგისტრაციაზე, კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ჰიფოთეტურ შემთხვევებზე საუბრის სურვილი არა აქვს.
"დარწმუნებული ვარ კანონის დაცვით მოხდება რეგისტრაციაზე ინფორმაციის წარდგენა და ყველა პარტია კანონის წინაშე პასუხისმგებლობით იქნება გამსჭვავლული", - დასძინა დეპუტატმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში".