აჭარა მორიგი რეკორდის დასამყარებლად ემზადება. ბათუმში გიგანტურ აჭარულ ხაჭაპურს გამოაცხობენ. ამით აჭარა რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება და ზღვისპირა ქალაქში, "აჭარის ხარისხის კვირეულის" ფარგლებში 8-მეტრიანი აჭარული ხაჭაპური გამოცხვება. "აჭარის ხარისხის კვირეულის" ორგანიზატორმა, "საქართველოს ხარისხის ფონდის" ხელმძღვანელმა გიგლა კუნჭულიამ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, 2012 წელს 2011 წლის რეკორდის გაუმჯობესება მოხდება და აჭარაში 8 მეტრიანი აჭარული ხაჭაპური გამოცხვება. 2011 წლის რეკორდი 7 მეტრიანი აჭარული ხაჭაპური იყო, ხოლო 2010 წელს 6 მეტრიანი აჭარული ხაჭაპური დამზადდა.
რეკორდულად დიდ აჭარული ხაჭაპურს ტრადიციულად ბათუმში მდებარე "ოქროს გასაღების" მცხობელები ამზადებენ. ამ დროისათვის ზუსტი იგრედიენტები, თუ რა რაოდენობის მასალა დაჭირდება 8 მეტრიან აჭარულ ხაჭაპურს უცნობია. წელს შესაძლოა აჭარულ ხაჭაპურში ოჯახში დამზადებული ყველის ნაცვლად, ქარხნული ყველის გამოყენება მოხდეს. თუმცა ამისათვის წინასწარ ტესტირებაა ჩასატარებელი. "აჭარის ხარისხის კვირეულის" ორგანიზატორები 8 მეტრიან აჭარულ ხაჭაპურში "ეკო-ფუდის" ახლად გახსნილის ყველის ქარხნის პროდუქციის გამოყენებას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მცხობელებმა გიგანტური აჭარული ხაჭაპურისთვის 200 კგ ფქვილი, 30 კგ, ნაღების კარაქი, 350 ცალი კვერცხი და 100 კგ. ყველი გამოიყენეს.
ხოლო 2010 წელს აჭარაში 6-მეტრიანი აჭარული ხაჭაპურის გამოცხობისთვის 70 კგ ყველი, 100 კგ ფქვილი, 20 კგ. კარაქი, 150 ცალი კვერცხი დაიხარჯა.
შეგახსენებთ, რომ 23-27 ივლისს ბათუმი "აჭარის ხარისხის კვირეულს" უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდება.
დაგეგმილია ასევე ლუდისა და თევზის ფესტივალის, ნაყინის ფესტივალისა და პირველად საქართველოში - BRANDS' SHOW -ს მოწყობა.