"ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ, სასამართლოს მიერ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სასამართლოს ქმედებები აბსურდშია გადასული.
მისი თქმით, ეს არის აბსოლუტურად უკანონო, ალოგიკური გადაწყვეტილება, რადგან სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი იმისა, რომ დაეჯარიმებინა, კოალიციაში შემავალი რომელიმე პოლოტიკური პარტია.
",,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ჯერ არც იყო პოლიტიკური სუბიექტი, როდესაც ,,მენეჯმენტ სერვისთან" ხელსეკრულებები გაფორმდა. სასამართლო სრულიად აბსურდულ მსჯელობაში გადავიდა, როდესაც საუბრობს, რომ ოფისების ქირაობა უკანონო შემოწირულობაა, მაშინ როდესაც ,,მენეჯმენტ სერვისთან" ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია კანონიერად და გათვალისწინებულია ის სარგებელი, რაც სარემონტო ხარჯებისთვის იყო განკუთვნილი", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბესელიამ.
მისივე თქმით, ,,მენეჯმენტ სერვისთან" გაფორმებული ყველა ხელშეკრულება კანონიერია.
,,თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ კონტრაქტს არსებული 60 ხელშეკრულებიდან, მათ შორის 22 სადავო ხელშეკრულებიდან, რომელზეც კონტროლის პალატა, როგორც დარღვევაზე საუბრობს, სადაც რომელიმე ხელშეკრულებაში ეწერება, რომ ოფისების გარემონტება უსასყიდლოდ, ან შეღავათიანი პირობებით მოხდა", _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, სასამართლომ კოალიცია ,,ქართუ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური სუბიექტები 2 383 097 ლარით დააჯარიმა.