"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
"ბატონმა ბიძინამ როგორც განაცხადა, იგი ჯარიმის გადახდას არ პირებს. აღსრულების ბიურო დააყადაღებს იმ ქონებას, რაც ივანიშვილის საკუთრებაში იქნება. შემდეგ ამ ქონებას ექსპერტი შეაფასებს და გაიტანენ აუქციონზე. აუქციონზე გატანილი ქონება რა ფასადაც გაიყიდება, იმ თანხით შეუმცირდება დავალიანება ბიძინა ივანიშვილს, დარჩენილი დავალიანება დარჩება ვალად და მოვალეთა რეესტრში აღირიცხება. ეს დავალიანება იარსებებს მანამადე, სანამ ან არ დაიფარება ან სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გაუქმდება", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 ივნისს, 24:00 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ეწურება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.
"საქმესთან დაკავშირებით დაიწყო "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას, 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები", - ნათქვმია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა. ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.
გარდა ამისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე მოითხოვა დოკუმენტები "ქართუ ჯგუფისა" და ბანკ "ქართუს" მეწილეების შესახებ.