ბაგრატის ტაძარს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან არ ამოიღებენ, - ამის შესახებ სააქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში განაცხადა.
სააკაშვილის განცხადებით, იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ბაგრატის ტაძრის საკითხი და კულტურული მემკვიდრეობის სიიდან მისი ამოღების საფრთხე მოიხსნა.
"მთლიანად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ბაგრატის ტაძარი, რადგან ის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. ჩვენ გვჭირდება არა ნანგრევები, არამედ, მოქმედი ტაძარი, სადაც შესაძლებელი იქნება წირვა-ლოცვა და რომელიც იქნება განსახიერება ასევე საქართველოს აღორძინებისა და აღმშენებლობის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ ბაგრატის ტაძრის აღდგენა მსოფლიოში ცნობილ იტალიელ რესტავრატორს ანდო, რომელმაც პროექტი ყველა წესის დაცვით მოამზადა.
"პრაქტიკულად, ტაძრის აღდგენა თითქმის დამთავრებულია. პატარა დეტალი დარჩა და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ყველა შენიშვნის გათვალისწინებით, რომელიც საპატრიარქოს ჰქონდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მოხდება ყველასთან აზრთა შეჯერება და ტაძრის აღდგენის პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.