Must carry-ისთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ორთვინი პერიოდი გააზრებული არჩევნის გასაკეთებლად, საკმარისი იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ორთვიან პერიოდში მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობს, თუმცა, კერძო ბიზნესის დავალდებულება - მისი მთელი საქმიანობის განმავლობაში გადასცეს ესა თუ ის სატელევიზიო არხი, სამართლიანი არ იქნება.
"ეს ორი თვე არის პერიოდი, როდესაც ყველამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს. არჩევნების დღე პოლიტიკური პარტიებისთვის, როგორც საარჩევნო აგიტაციის დღე, საერთოდ არ არსებობს. თუ ვინმეს ხალხისთვის რაიმე სათქმელი აქვს, მას ამის სრულფასოვანი შესაძებლობა ექნება. ეს, მაღალი დემოკრატიული სტანდარტის ნიმუშია. ნორმა არჩევნების დღემდე იმოქმედებს", - განაცხადა წიკლაურმა.
მისი განმარტებით, თუ რომელიმე ტელეკომპანიის ლიცენზია მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე ვრცელდება, მათი სიგნალი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე გადაიცემა. მაგალითად, "25-ე არხი" თუ აჭარის ფარგლებში მაუწყბელობს, მხოლოდ ის საკაბელო მაუწყებლები იქნებიან ვალდებულები "25-ე არხი" ჩართონ, რომლებიც აჭარაში ფუნქციონირებენ.
წიკლაურის თქმით, გააზრებული არჩევანის გასაკეთებლად ცვლილება რეკლამების შესახებ კანონშიც შევიდა - ისინი ვალდებულნი არიან, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის რეკლამები გადასცენ.
შეგახსენებთ, Must carry-ის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, კამპანიაში "ეს შენ გეხება" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პარლამენტისგან არანაკლებ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების შესახებ ნებართვა, გასულ კვირას მიიღეს. პარლამენტში დღეს ინიცირებული კანონპროექტის ავტორები კი "ეს შენ გეხებას" მთავარი ოპონენტები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ზვიად კუკავა არიან. კანონპროექტის ინიციატორად ხელისუფლების მიერ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სახელდება.