საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი პირადად უზრუნველყოფს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს.
როგორც სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გუბერნატორებთან და რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა, გარკვეული ძალები გამოდიან ლოზუნგებით, თითქოს საქართველოში ვინმეს აჩუმებენ და ქვეყენაში არის ავტოკრატია.
"რა ავტოკრატია, მართლა ხომ არ ბნელა, რომ ღია კარს ვამტვრევთ. სად არის საქართველოში თავისუფალი აზრის შეზღუდვა? როგორც მე ვარ ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, მოვიდეს და გამოთქვას ჩემ მიმართ აზრი, ასევეა თითოეული თანამდებობის პირი. რამდენ ქვეყნაშია ჩვენ გარშემო ასეთი თავისუფალი და გახსნილი დამოკიდებულება მთავრობის წარმომადგენლებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის? აქ ყველაფერი არის გახსნილი და გამჭვირვალე. გაქვთ თქვენი აზრი? - გამოთქვით. გინდათ მიტინგის ჩატარება - ჩაატარეთ. გინდათ ვიღაცის გალანძღვა? - მლანძღეთ, რამდენიც გინდათ. აბსოლუტური იმუნიტეტი გამოვიმუშავე ყველანაირი შეურაცხყოფის მიმართ. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყოველთვის ვუსმენ კრიტიკულ აზრს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობას და პირადად მას, მათგან განსხვავებით, ვინც "ხალხის არჩევანის მოქრთამვას ცდილობს", ქართველი ხალხის ყოველგვარი ეჭვის გარეშე სჯერა.