პირადად უზრუნველვყოფ, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბებისა და მოქრთამვის ნებისმიერი მცდელობა კანონის სრული დაცვით დაისაჯოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში, რეგიონების გუბერნატორებთან და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში აშენდა სისტემა, რომლის თანახმად, ყვეელა უნდა ემორჩილებოდეს კანონის უზენაესობას, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, სიმდიდრისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა.
"როგორც ვიცით, გასული თვეების განმავლობაში, გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ შესაძლებელია უტიფარი აგრესიით შეტევის განხორციელება კანონიერი და სამართლიანი არჩევნების პრინციპებზე. მათ მოინდომეს ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს სახელმწიფოს უნარი, დაიცვას მოქალაქეების თავისუფალი არჩევნების უფლება. მათ უკვე თავად იწვნიეს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი მცდელობები არ გავა. ყოველი ცალკეული მცდელობა აღკვეთილი იქნება უკლებლივ ყველა კანონის მიერ, საარჩვენო პროცესის მოქრთამვა, ან ქართული დემოკრატიის ყიდვა არავის გამოუვა. ვისაც საქართველო ჰგონია ბანანის რესპუბლიკა, ვერაფერი გაუგია მთელი ამ წლების განმავლობაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც ისტორიული მომენტი იქნება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცებს მსოფლიოს საკუთარი პოლიტიკური მოწიფულობით. ეს არჩევნები თითოეულ ჩვენგანს ხელისუფლების ყველა საფეხურზე, გვავალდებულებს, უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს სამაგალითო. ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, მე არ დავუშვებ, ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების საიმედოობა", - დასძინა სააკაშვილმა.