აფხაზეთის ე. წ. განათლების მინისტრი ინდირა ვარდანია უარყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს ხელს უშლის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაში.
"კალანდაძის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება. ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს", _ განაცხადა ვარდანიამ და "უსაფუძვლო" უწოდა მტკიცებებს იმის შესახებ, რომ გალის რაიონის მოსწავლეები სკოლებს ამ მიზეზის გამო ტოვებენ.
"სახეზე სულ სხვა პროცესი გვაქვს. ყოველწლიურად მოგვმართავს გალის რაიონში მცხოვრები უამრავი ადამიანი, ვისი შვილებიც თბილისის, ზუგდიდის ან საქართველოს სხვა რომელიმე რეგიონში სწავლობენ და ამ ბავშვების გალის რაიონის სკოლებში გადმოყვანას გვთხოვენ. წლიდან წლამდე ასეთი ადამიანების რაოდენობა იზრდება და ამ სახის განცხადებები დღემდე შემოგვდის", _ განაცხადა ვარდანიამ დღეს სოხუმში.
მისიე თქმით, "რაიმე სახისაფრთხე რომ არებობდეს, იმის მსგავსი, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მშობლები და ნათესავები შვილებს საქართველოს სკოლებიდან გალის რაიონის სკოლებში არ გადმოიყვანდნენ".
ვარდანიას თქმით, რაც შეეხება რუს მესაზღვრეებს, "ისინი მოწოდებულნი არიან, უსაფრთხოება დაიცვან და თავიანთ პირდაპირ მოვალებას ასრულებენ".
"არავითარი საერთო მათ გალის რაიონის სკოლებთან არა აქვთ, ისევე, როგორც აფხაზეთის სხვა სკოლებთან", _ აცხადებს ვარდანია.
რაც შეეხება გალის რაიონის მოსწავლეებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების საკითხს, ვარდანია აცხადებს, რომ "ასეთი შესაძლებლობა გალის რაიონში არის და ადამიანის უფლებათა არავითარი დარღვევა აქ არ დაფიქსირებულა".
სეპარატისრული აფხაზეთის ე. წ. განათლების მინისტრის ინფორმაციით, გალის რაიონში 20 სკოლა მოქმედებს, სადაც 2985 ბავშვი სწავლობს.
"ყველა სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა ისწავლება", _ აცხადებს ვარდანია.
"გალის რაიონში არის ქართული და რუსული სკოლებიც. არის აუცილებლად შესასწავლი საგნები: აფხაზური ენა, აფხაზეთის ისტორია და გეოგრაფია. ამაში არავითარი დარღვევა არ არის, იმიტომ, რომ გალის რაიონი აფხაზეთის ერთ-ერთი რაიონია და იქ განათლების მიღება უნდა ხორციელდებოდეს განათლების სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად", _ აცხადებს ვარდანია.