საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ რუსეთის ხელისუფლების მარიონეტები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასთანხმდებიან ქართული მხარის წინადადებას, უარყონ თავიანთი ე.წ. დამოუკიდებლობა.
როგორც დეპუტატმა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადისლავ ჩირიკბას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, აფხაზური მხარისთვის, ირაკლი ალასანია მას მერე გახდა მისაღები, რაც მან ქართული ბანდფორმირებების შესახებ გააკეთა განცხადება.
"რა პრაგრატიზმზეა საუბარი, ჩემთვის აუხსნელია. თუ ეს პრაგმატიზმი გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტრესების დათმობას, რა თქმა უნდა, ამგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას დიდი სიხარულით მიიღებენ. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ალასანიამ გააკეთა ცნობილი განცხადება, სადაც ცილი დასწამა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თითქოს ბანდფორმირებები არსებობს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ის და ბიძინა ივანიშვილი გახდნენ ყველაზე სანდო მომლაპარაკებლები აფხაზურ და სამხრეთ ოსეთის მხარესთან", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, თავად ალასანიამ და ივანიშვილმა უნდა განმარტონ რისი დათმობის ხარჯზე აქვთ იმედი, რომ მოლაპარაკებები დაიწყება.
"მათი გეგმის შესახებ გვესმის კარგი ხანია და სწორედ ეს გეგმა უნდა წარმოადგინონ", - დასძინა წაკლაურმა.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადისლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზეთს საქართველოსთან დიალოგისთვის სჭირდება ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორიც არიან ივანიშვილი და ალასანია.