სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ნატახტარში ხილისა და ბოსტნეულის სწრაფგამყინი სამაცივრე მეურნეობის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და იქ მყოფ ფერმერებს სწრაფგამყინი მეურნეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მინისტრმა მცხეთა-მთიანეთელ ფერმერებს აგრარულ სფეროში დანერგილი სხვა სიახლეებიც გააცნო.
სამაცივრე მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და პროდუქციის შენახვა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მოხდება. საწარმო საათში 3 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას უზრუნველყოფს. ქარხანაში ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის შენახვა იქნება შესაძლებელი. სწრაფი გაყინვის ჰერმეტული კამერები, რომლებიც ავტომატურად იმართება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უვნებლად შენახვის საშუალებას იძლევა და მის ვარგისიანობას სამ წლამდე ზრდის.
გაყინული პროდუქტის ექსპორტი ძირითადად ისეთ ქვეყნებში მოხდება, სადაც კლიმატური პირობების გამო ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ფასი ძალიან მაღალია (ასეთი ქვეყნებია: გერმანია, ჰოლანდია, დანია, შვედეთი, შვეიცარია). სამაცივრე მეურნეობა უზრუნველყოფს პროდუქციის როგორც დასაწყობებას, ასევე მის დისტრიბუციას. ის ადგილობრივ საკონდიტრო, სანაყინე, წვენების დამამზადებელ საწარმოებსა და კვების სხვადასხვა ობიექტებს მაღალხარისხიანი ნედლი პროდუქტით მოამარაგებს.
ნატახტარის სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის დასრულება დაახლოებით ორ თვეში იგეგმება და სეზონურ სამუშაობზე 100-150 ადგილობრივი დასაქმდება. მომავალში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით სამაცივრე მეურნეობების განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.