დედოფლისწყაროს რაიონული საავადმყოფოს ეზოში 2 გიურზა მოკლეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველებმა აცნობეს.
მათი თქმით, საავადმყოფოში შემსვლელებს და გამომსვლელებს აფრთხილებენ, რომ ეზოში გველები არიან და ფრთხილად იარონ. „ქვეწარმავლები რაიონში ძალიან გამრავლდნენ. ეზოში დგომა საშიშია, შეიძლება გველი ბუჩქებიდან გამოძვრეს და დაგკბინოს", - განაცხადა ერთ - ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.
დედოფლისწყაროს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი საავადმყოფოს ეზოში ქვეწარმავლების არსებობას არ ადასტურებს.
„მე არ ვიცი გველი როდის მოკლეს, არ ვფლობ მაგ ინფორმაციას. თუმცა, როგორც მოსახლეობისგან ვიცი, ქვეწარმავლები რაიონში ძალიან არიან მომავლებულები. სიცხეა და ქვეწარმავალი ეხლა ყველგან არის. წელს გველისგან დაკბენილმა ხუთმა პაციენტმა მოგვაკითხა, თუმცა არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა", - აღნიშნა ხათუნა ზურიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები