"საქართველოს ხელისუფლება ადრე ბოევიკებს ეხმარებოდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებდნენ, ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ახალ "იჩქერიის მთავრობას" ქმნის",_ ეს განცხადება ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში ხიზრი ალდამოვმა გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ალდამოვი რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთში გადავიდა, რამზან კადიროვის წინაშე მოინანია, ბოდიში მოიხადა და გააცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მწარედ ცდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ დუდაევსა და მის თანამებრძოლებს ჩეჩნეთისთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ.
"ქართული მხარე ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით იფარავდა ბოევიკებს და ყველანაირად ეხმარებოდა მათ. მრავალი ტერაქტი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, სწორედ საქართველოდან მოდიოდა", _ აცხადებს ხიზრი ალდამოვი, რომლის სიტყვებსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის ინტერნეტგვერდი აქვეყნებს.
ალდამოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილს, მას შემდეგ, რაც იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ჰქონდა მცდელობა, ჩამოეშორებინა ის ხალხი, რომლებმაც ჩრდილოკავკასიის იატაკქვეშეთისა და საქართველოს ხელისუფლების ორგანოების და სპეცსამსახურების კავშირების შესახებ იცოდნენ.
"სააკაშვილი და საქართველოს სპეცსამსახურები ახორციელებენ ნაბიჯებს ე.წ. იჩქერიის მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნისთვის რუსეთზე ზეწოლის განხორციელებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტული საქმიანობის აქტივიზაციის მიზნით. ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა რიგი კონფიდენციალური შეხვედრებიც გამართა საფრანგეთში მაცხოვრებელ ინჩქერიის პარლამენტის ექს-მეთაურ ახდიარ იდიგოვთან, რომლის დროსაც ზემოთ ნახსენები პროექტის დეტალები შეათანხმა", _ აცხადებს ალდამოვი და აღნიშნავს, რომ იდიგოვმა სააკაშვილთან მისი ანტირუსული პოლიტიკის მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა.
"ევროსაბჭოს დეპუტატებთან არსებული ფართო კონტაქტები გამოიყენა და საქართველოს სახელმწიფო ჩინოვნიკებს და პირადად მას ეხმარებოდა ანტირუსული ინტერესების ლობირებაში საფრანგეთში არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში", _ აცხადებს ალდამოვი.
მისი თქმით, ახალი "იჩქერიის მთავრობის" წევრები ჩართულნი არიან "პანკისის ჯამაათში", რომელმაც ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ტერაქტი განახორციელა.
"საინფორმაციო მხარდაჭრას კი პროექტს ანტირუსული ტელეარხი "პირველი საინფორმაციო კავკასიური" უწევდა. სხვათა შორის, ამ ტელევიზიის ერთ-ერთი გავლენიანი თანამშრომელი ალა დუდაევაა - ჯოჰარ დუდაევის ქვრივი", _ აცხადებს ხიზრი ალდამოვი და აღნიშნავს, რომ ის პირადად "ჯამაათს" ეწინააღმდეგებოდა და ამისათვის მისი მოკვლა სცადეს.
"მე მომწამლეს. მედიკოსებმა დამიფიქსირეს სმენითი ნერვის დაზიანება, ნერვული სისტემის მოშლა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფინქციის დარღვევა. ეს ფაქტი გახმაურდა. სწორედ ამის წყალობით ცოცხალი დავრჩი და დაინტერესებულმა პირებმა თავისი საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს. ოპერაცია საქართველოს სპეცსამსახურებმა დაგეგმეს და მას საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი გია გაბუნია ხელმძღვანელობდა. მათ მოწამვლაზე პასუხისმგებლობის დაკისრება რუსული მხარისთვის სურდათ", _ განაცხადა ალდამოვმა და ჩეჩენ ხალხს ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.
"მე მართლაც მჯეროდა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი. მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ მწარედ ვცდებოდი. გულწრფელად ვინანიებს იმას, რომ ასე ფუჭად დავკარგე მთელი ეს წლები. მინდა, რომ დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გავატარო და ჩეჩენ ხალხს გამოვადგე", _ განაცხადა ბოლოს ალდამოვმა.
შეგახსენებთ: რამზან კადიროვთან გამართულ შეხვედრაზე მან ასვევე განაცხადა, რომ საქართველოში მანამ არ დაბრუნდება, ვიდრე ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი იქნება.