აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნიაზ ზოსიძე ბათუმის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატ" წევრ ნაზი ქობულაძესთან ერთად მალაყმაძეების 8 სულიან ოჯახს შეხვდნენ, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა ღამეს ღია ცის ქვეს ათევენ. მალაყმაძეების სახლი რამდენიმე წლის წინ ურეხში მეწყერმა დაანგრია. სახელმწიფომ დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 20 ათასი ლარი გადაუხადა, თუმცა ეს თანხა ახალი საცხოვრებლის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ მხოლოდ მიწის ნაკვეთის და მცირეოდენი სამშენებლო მასალი შეძენა მოახერხეს. იმის გამო, რომ ოჯახის უფროსი ბათუმის საზღვაო სანაოსნოს თანამშრომელი იყო, სამსახურმა ოჯახი დროებითი ბინით დააკმაყოფილა, თუმცა სამი წლის შემდეგ ბინის დაცლა მოსთხოვა და 8 სულიანი ოჯახი 2 მცირეწლოვანი ბავშვით ღია ცის ქვეშ დატოვა. ოჯახი დროებითი თავშესაფრის გამოყოფას ქალაქის მერიას სთხოვს, თუმცა მათი ბედით სახელმწიფოს მხრიდან ჯერ-ჯერობით არავინ დაინტერესებულა.
„როცა სახელმწიფო ქუჩის გადახურვაში და ასტრონომიულ საათებში იხდის კოლოსალურ თანხებს, ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ქალაქის ბიუჯეტში არ არსებობს თანხები, მიუსაფარი ადამიანებისთვის თუნდაც რამდენიმე ოთახის გამოსაყოფად.
ქალაქს, რომელსაც აქვს ტურისტული ქალაქის პრეტენზია, დაუშვებელია მის შემოსასვლელში ადამიანები ცხოვრობდნენ ღია ცის ქვეშ და მათზე არავინ ზრუნავდეს" - განაცხადა ნაზი ქობულაძემ.