საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა მეზობლებთან - კუკური კუპრაშვილთან, თამაზ დარჩიაშვილთან და გივი მამულაშვილთან - ერთად საკუთარი ვენახი შეწამლა. სააკაშვილს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც ეხმარებოდა.
"ახლა შემოვიდა ახალი შესაწამლი აპარატურა. რა მარტივ რაღაცებს ვერ ვაკეთებდით ხოლმე. ჩვენც რომ გამოვუშვათ, კარგი იქნება. სოფლებში რომ დავდივარ, ვხედავ, იმდენად მარტივი რაღაც უნდა, რომ მოსავლიანობა ორჯერ-სამჯერ გაიზარდოს, ხანდახან გაოგნებული ვარ. აქამდე სად ვიყავით, რატომ არ ვაკეთებდით", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ვენახების დასეტყვის მიუხედავად "ყურძნის მოსავალს კარგი პირი უჩანს".
შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, მდინარე დურუჯის პირას, ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახი თამაზ ჯოხარიძისგან 2011 წელს იყიდა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მაშინ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ვენახი დანაზოგით შეიძინა. "ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახის ფასი 33 ათასი ლარია, სახლის მშენებლობა კი 45 ათასი ლარი დაჯდა. შენობის ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პრეზიდენტმა საკუთარი ღვინის წარმოებისთვის საფერავის ჯიშის ვაზი შეარჩია, მარანი კი სახლის სარდაფში განათავსა", - განაცხადა მანჯგალაძემ.