"ბაგრატის ტაძარი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას გააკეთებენ სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხელოვნებათმცოდნე მზია ჩხაიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ კომპეტენტური ადამიანებისთვის აბსოლუტურად უცნობია ის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს.
"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის სიტუაცია, რაც ბაგრატის ტაძრის ირგვლივ ხდება. ჩემი აზრით, ბაგრატის ტაძარი უკვე კარგა ხანია აღარ არსებობს და ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, რას დააშენებენ, ან რას მიაშენებენ", - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, კომპეტენტური ადამიანები ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო გეგმას არ იცნობენ.
"მთელი უბედურება ისაა, რომ სარეაბილიტაციო გეგმის შესახებ ინფორმირებული არავინაა. ამის შესახებ გავიგეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც კედლები ჩამოანგრიეს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები შეამაგრეს, საძირკველი ამოთხარეს. ჩემს პოზიციას გეუბნებით: შარშან ჩასული ვიყავი და ბაგრატის ტაძარი ვნახე. შეიძლება ვთქვა, რომ ბაგრატის ტაძარი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩხაიძემ.
მზია ჩხაიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
"ცხადია, ამ ყველაფერზე ხმაა ამოსაღები. ყოველივე ეს საგანგაშოა, რათა ხვალ სხვა ისტორიულ ძეგლზე იგივე აღარ გააკეთონ", - განაცხადა ჩხაიძემ.